2016 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით მშპ 2,3%-ით გაიზარდა

615

საქსტატის მიერ გავრცელებული მონაცემებით, 2016 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 749,1 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,3 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 3,2 პროცენტით.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,5 პროცენტი) და მრეწველობა (17,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4 პროცენტი), მშენებლობა (8,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,3 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,9 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები (13,4 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,8 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,5 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (5,0 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (4,7 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (3,9 პროცენტი), ვაჭრობა (3,6 პროცენტი), მშენებლობა (2,4 პროცენტი).

როგორც საქსტატი იუწყება, კლება დაფიქსირდა ტრანსპორტში (-4,2 პროცენტი), კავშირგაბმულობაში (-0.5 პროცენტი) და სოფლის მეურნეობაში (-0,1 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. წლიური მონაცემები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური მონაცემებისაგან.

გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხელახლა ითვლება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემებიც. მაგალითად, 2016 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემები თავდაპირველად იანგარიშება 2015 წლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე. 2016 წლის ნოემბერში, 2015 წლის წლიური მონაცემების დაზუსტებასთან და 2015 წლის კვარტალური მონაცემების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა 2016 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემებიც. გარდა ამისა, 2017 წლის ნოემბერში 2016 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2016 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები.

Comments
Loading...