2017 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 5.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.2 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისს მონაცემებს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
აგვისტოში წინა თვესთან შედარებით 8 პროცენტით მოიმატა ბუნებრივი გაზის გადასახდელმა. სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე 10 პროცენტით გაძვირდა ყველი. საპირისპიროდ გაიაფდა ყურძენი (43 პროცენტით) და კარტოფილი (6 პროცენტით).
წლიურ ინფლაციაში კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თამბაქოს პროდუქტებისა და საწვავის გაძვირება, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის მატებითა და ასევე ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით არის გამოწვეული.
აგვისტოს წლიური ინფლაციიდან ამ პროდუქტებზე – 2.2 პროცენტული პუნქტი (პ.პ) მოდიოდა, 1.7 პ.პ – სურსათის, ხოლო 1.8 პ.პ – დანარჩენი პროდუქტების გაძვირებაზე.
აგვისტოში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 18 პროცენტით გაძვირდა "ბოსტნეულის" ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტები. 7 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე.
ეს ფაქტი შეიძლება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის ზრდას და ამის შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების გარკვეულ შესუსტებას დავუკავშიროთ. "რძე, ყველი და კვერცხის" ქვეჯგუფის ფასებმა 12 პროცენტით მოიმატა. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ქვეჯგუფის წვლილი საერთო ინფლაციაში 0.5 პ.პ-ს შეადგენს. გასული წლის დასაწყისიდან შაქარზე მსოფლიო ფასების ზრდის გამო შაქრის შემცვლელი პროდუქტები მნიშვნელოვნად ძვირდებოდა და მათი წვლილი საერთო ინფლაციაში მაღალი იყო. მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის კლების პარალელურად მიმდინარე წლის დასაწყისიდან შაქრის ინფლაციას კლების ტენდენცია ჰქონდა და საბოლოოდ ივლისში ამოიწურა, ხოლო აგვისტოში შაქრის ფასის 2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.
თუმცა შაქრის შემცველ პროდუქტებზე ინფლაცია (3.9 პროცენტი) შენარჩუნდა. დანარჩენი პროდუქტებიდან აღსანიშნავია საჭმლის მომნელებელი სისტემის და სისხლძარღვთა გამაფართოებელ მედიკამენტებზე ფასები მატება შესაბამისად 27 და 24 პროცენტით. ამ ორი მედიკამენტის წვლილი საერთო ინფლაციაში 0.4 პ.პ-ს შეადგენდა.
საწვავზე და სურსათზე შედარებით მაღალი ფასების გამო საბაზო ინფლაციის დონე საერთო ინფლაციასთან შედარებით დაბალია და 4.3 პროცენტს შეადგენს. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.
მთლიანი ინფლაციის მატება განსაკუთრებით იმპორტირებულ საქონელზე აისახება და აგვისტოში 7.5 პროცენტს შეადგენდა. ამის მიზეზი პირველ რიგში კვლავ საწვავისა და სიგარეტის გაძვირებაა.
შედარებით დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება შერეული და ადგილობრივი პროდუქტების ინფლაცია. აგვისტოში მათი დონე შესაბამისად 4.8 და 3.5 პროცენტით განისაზღვრა. ფასები ვაჭრობად საქონელზე 7.7 პროცენტით, ხოლო არავაჭრობადზე 3.9 პროცენტით გაიზარდა.