2016 წლის ყოველ კვარტალში იზრდებოდა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ჯამში ზრდამ 6.3% შეადგინა. 2017 წლის პირველ კვარტალში 2016 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ბიზნეს სექტორში დასაქმუბელთა რაოდენობა შემცირებულია 16 ათასი ადამიანით თუმცა, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული რაოდენობა გაიზარდა 4.7%-ით. ყველაზე მეტად დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა ადმინისტრაციულ საქმიანობებში (15%, 2 577 კაცი), პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (17%, 2 817 კაცი), წყალმომარაგებაში (12%, 1 536 კაცი) და მოპოვებით მრეწველობაში (16%, 1 041 კაცი). აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია საქმიანობის ყველა სფეროში ინფორმაციისა და კომუნიკაციის (-8%; -1 494 კაცი) გარდა.
2017 წლის პირველი კვარტლის მდომარეობით, ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი დასაქმებული ვაჭრობის სფეროში დაფიქსირდა (155 367 კაცი).შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (80 387 კაცი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება (64 838 კაცი), მშენებლობა (59 366 კაცი) და ტრანსპორტირება და დასაწყობება (50 295 კაცი).
2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება (11%, 101.6 ლარი). აღსანიშნავია, რომ ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება თევზჭერაში (30%, 222.1 ლარი), უძრავი ქონებით ოპერაციებში (21%, 236.8 ლარი), სოფლის მეურნეობასა (19%, 105 ლარი) და განათლებაში (16%, 88.2 ლარი).
საინტერესოა, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია ყველა რეგიონში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გარდა (-2%, -8.45 ლარი). ეს შემცირება უმნიშვნელო ჩანს იმ რეგიონებთან შედარებით, სადაც საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება საგრძნობლადაა გაზრდილი: შიდა ქართლი (31%, 154.8 ლარი), სამეგრელო-ზემო სვანეთი (16%, 113.1 ლარი), კახეთი (15%, 80.7 ლარი) და თბილისი (13%, 134.7 ლარი).