2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა იმართება
9 მარტს, ბორჯომში, სასტუმროში "Rixos Borjomi" მუშაობა დაიწყო სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფმა, სადაც 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგიის პროექტს განხილავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, ასევე, სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით იმართება. სამუშაო შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა.
"ჩვენ ვართ სადღაც დასასრულ ეტაპზე საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტის შემუშავების პროცესში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სტარტეგიას მოჰყვეს ის კონკრეტული გეგმები, თუ რას აკეთებს სახელმწიფო, რას აკეთებს ქვეყნის მთავრობა, რა სახის კომუნიკაციას აყალიბებს კონკრეტულ სეგმენტებთან იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ნატო, რატომ ევროკავშირი, საითკენ მივდივართ, რა გზებით მივდივართ, რა არის ამოცანები, რა არის მიზნები და ამ ამოცანებისა და მიზნების ბოლომდე განხორციელების თვალსაზრისით რას აკეთებს მთავრობა", – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ.
ღონისძიებაში სახელმწიფო უწყებებისა და პროექტის მომზადებაში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ და აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარადგენენ.
"ძალიან მრავლისმომცველი თემაა და ასევე ვუდგებით ამ საკითხს, რადგან ეს მარტო ჩვენი შესამუშავებელი არაა და ძალიან მნივნელოვანია, რომ სამოქალაქო სექტორი ასე სრულფასოვნადაა წარმოდგენილი და ჩართული პროცესში", – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
შეხვედრა ორდღიანია და ევროკავშირის პროექტის – "ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერა" ფინანსური მხარდაჭერით იმართება.