2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა

36

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამში 4,688,177 მგზავრს მოემსახურა. რაც 23%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

ნოემბრის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნოემბერში 261,209 მგზავრს მოემსახურა, რაც 39% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო 11 თვეში – 3,547,553 მგზავრს მოემსახურა და ზრდამ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21% შეადგინა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის ნოემბერში 132%-ით გაიზარდა და 47,868 მგზავრი შეადგინა. რაც შეეხება 11 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 560,254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია.

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ნოემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 24,677 მგზავრმა ისარგებლა, რაც 33%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება 11 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ-ნოემბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა და 580,370 მგზავრი შეადგინა.

Comments
Loading...