BUSINESS GEORGIA-სა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი “ქალები ბიზნესში” გაიმართა

479

28 ივნისს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში, BUSINESS GEORGIA-სა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი "ქალები ბიზნესში" გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი დამსწრე საზოგადოებისთვის ბიზნესში ქალის როლის ხაზგასმა, მათი მიღწევების, სირთულეებისა და გამოწვევების განხილვას წარმოადგენდა.

საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობა და წარმატებული ქალი მეწარმეების ხელშეწყობა არის საკვანძო საკითხები ქალთა ეკონომიკური ჩართულობის კუთხით. სწორედ ამიტომ ფორუმი ემსახურება როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას და ქალ ბიზნესმენთა დაკავშირებას, ასევე ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობას ბიზნეს ლიდერებსა და ქალ მეწარმეებს შორის.

ფორუმი დაყოფილი იყო სამ ნაწილად. პირველი ნაწილი, სახელწოდებით ქალები საზოგადოებაში, დაეთმო საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ქალთა როლის წარმოჩენას, ასევე ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების პერსპექტივებს საზოგადოებრივ დონეზე.

მეორე ნაწილში სპიკერებმა ისაუბრეს ქალებზე, როგორც მეწარმეებზე. საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკასთან ერთად, საუბარი შეეხო რისკების შემცირებას, რომელიც ახალი ბიზნესის დაწყებისას შესაძლოა შეგვხვდეს. ასევე წარმოდგენილი იყო გზამკვლევი სტარტაპებისთვის ფინანსური რესურსების მოძიებაში.

მესამე ნაწილში – ქალებმა, როგორც ტოპ მენეჯერებმა,  მიმოიხილეს ბიზნესის მართვაში ქალთა როლი, თითოეულ ნაწილში სპიკერებმა ისაუბრეს წარმატების შთამაგონებელ ისტორიებზე.

მონაწილეებს დასკვნით ნაწილში შესაძლებლობა ქონდათ სადისკუსიო პანელში ჩართვის და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

"ფორუმი მნიშვნელოვანია ქალ ბიზნესმენთათვის, რადგან დამსწრე საზოგადოება სამაგალითო ქალების გაცნობის გარდა მიიღებს საჭირო ინფორმაციას იმ პროგრამებზე, საგრანტო კონკურსებსა თუ სამთავრობო ინიციატივებზე, რაც დაეხმარება მათ მეტი ცოდნის შეძენასა და იმ უნარების განვითარებაში, რაც თავიანთი ბიზნესისა და კარიერული ზრდისთვის ხელშემწყობი გახდება. ვიმედოვნებთ, დავეხმარებით ქალებს, რომლებიც ნებისმიერი ზომისა და სექტორის ბიზნეს საქმიანობაში არიან ჩართულნი, თავიანთი მიზნების განხორციელებაში", განაცხადა BUSINESS GEORGIA-ს გენერალურმა დირექტორმა, ანა გოგიშვილმა.

ფორუმზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ როგორც მთავრობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, ქალი მეწარმეები და ასევე დამწყები ბიზნესის წარმომადგენლები.

BUSINESS GEORGIA მსგავსი ბიზნეს ფორუმების სახით ცდილობს წარმოადგინოს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს ანალიზი და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს ყველა იმ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ხელსაყრელი კლიმატის ფორმირების პროცესში.

Comments
Loading...