Facebook-ის ვიდეოპლატფორმა Watch, მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ კომპანიის ბლოგზე ვრცელდება ოფიციალური განცხადება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველ თვეში, ამერიკაში, 50 მილიონი ადამიანი უყურებს ვიდეოებს Facebook-ის პლატფორმაზე.
სოციალურმა ქსელმა 2017 წლის აგვისტოში დააანონსა, რომ მალე ქსელს საკუთარი ვიდეო პლატფორმა ექნებოდა, სადაც სერიალებისა და გადაცემების ყურება იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, Watch-ის სერვისი ექსკლუზიურია, ხოლო ზოგიერთ შოუს თავად Facebook-ი აფინანსებს.
2017 წელს, The Wall Street Journal-მა შეიტყო, რომ კომპანია Facebook-ი, შოუების წარმოების მიზნით, ჰოლივუდის კინოსტუდიებთან ახორციელებდა მოლაპარაკებებს. გამოცემის ინფორმაციის თანახმად, კომპანია მზად იყო ერთი სერიის წარმოებაში 3 მილიონი აშშ დოლარი ჩაედო.