კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო, მასშტაბური სამუშაოები უკვე დაიწყო. ამჟამად, კომპანიის სამშენებლო ბრიგადები ერთდროულად პეკინის გამზირის ხუთ მონაკვეთზე მუშაობენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს, ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურ დირექტორთან გიორგი ცხადაძესთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამუშაოებს, მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტეთან ერთად ახორციელებს. დაგეგმილია 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების ექსპერტიზა და რეაბილიტაცია. სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.
კომპანიის მენეჯმენტი, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ბრიგადების სამუშაოების მიმდინარეობას, 24 საათიან რეჟიმში ვიდეომონიტორინგის საშუალებით ადევნებს თვალს.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება და მოეწყობა ევრო სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება ასევე წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.
ღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამუშაოებს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს, პირველი ეტაპი 16 ივნისს დაიწყო, სამუშაოებს კომპანია აგვისტოში დაასრულებს.