“IMF-მა საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კვლავ ეროვნულ ბანკში დაბრუნება დადებითად შეაფასა”

465

საქართველოს ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორის სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრებზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მხარდაჭერის მზაობას. შესაბამისი განცხადება მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მხრიდან დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცების მიმართულებით, რისთვისაც უკვე მომზადებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

"მთავრობამ გაითვალისწინა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, აღარ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტს პირვანდელი სახით წარუდგინა ის კანონპროექტები, რომლებიც ეხება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის კვლავ ეროვნულ ბანკში დაბრუნების საკითხს. საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერება აამაღლებს საფინანსო სექტორის მდგრადობას და უზრუნველყოფს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ დეპარტამენტთან და ითვალისწინებს  მათ რეკომენდაციებს, რათა სამინისტროს მიერ შემუშავებული საგადასახადო პოლიტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინადადებებთან და რეკომენდაციებთან.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის განხილვა, რომელსაც მხარს დაუჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში.

მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომელიც დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით".

Comments
Loading...