KfW-ი და AFD-ი საქართველოს ენერგეტიკის რეფორმაში 74 მილიონ ევროს ჩადებს

36

საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) და საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის სასესხო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა ოლაფ ციმელკამ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გაელე ასაიაგმა.

ხელმოწერილი შეთანხმებების თანახმად, საქართველო მიიღებს ჯამურად 74 მლნ ევროს ფინანსურ რესურსს, რომელიც გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით და სრულად იქნება მიმართული სახელმწიფო ბიუჯეტში.

ხელმოწერილი სასესხო შეთანხმებით ფინანსური რესურსის გამოყოფა მოხდება 2018 წლის 14 მაისს საქართველოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის “გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან” ფარგლებში. აღნიშნული დეკლარაცია გულისხმობს, რომ რეკონსტრუქციის განვითარების საკრედიტო ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებს და ითანამშრომლონ საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში 4 წლიანი (2018-2021) პროგრამის ფარგლებში.

2018 წელს საქართველო KfW-სგან და AFD-სგან მიიღებს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს ჯამურად 74 მილიონ ევროს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ენერგეტიკის სექტორის, მათ შორის ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდასაჭერად.

ამასთანავე, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად დაგეგმილია ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმიდან (NIP) 8.5 მილიონი ევროს გამოყოფა გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება პროგრამის ტექნიკური დახმარებისთვის.

Comments
Loading...