მსოფლიოში უმსხვილესმა მილების გამყვანმა ხომალდმა Pioneering Spirit, “Nord Stream 2”-ის გაზსადენის მშენებლობა ფინეთში დაიწყო. ამის შესახებ პროექტ Nord Stream 2 AG-ის ოპერატორი იუწყება.
მთლიანობაში გაზსადენის მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ფინეთის პარალელურად, სამუშაოები მიმდინარეობს შვედეთში, გერმანიასა და რუსეთში. მთლიანობაში, უკვე გაყვანილია დაახლოებით 370 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი.
Pioneering Spirit ეკუთვნის შვეიცარულ კომპანია Allseas-ს, რომელმაც Nord Stream 2-თან კონტრაქტს ხელი აპრილში მოაწერა.
Nord Stream 2-ის პროექტი მთლიანობაში ორი გაზსადენის მშენებლობას მოიცავს, რომელმაც წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა გაატაროს. გაზი რუსეთიდან, ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში გავა. იგი გვერდს აუვლის სატრანზიტო ქვეყნებს – უკრაინას, ბელარუსს, პოლონეთსა და ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებს.
გაზსადენის ოპერატორი Nord Stream 2 AG კი კომპანია “გაზპრომს” ეკუთვნის. პროექტში ხუთი ევროპული კომპანიაა ჩართული: ავსტრიული OMV, ფრანგული Engie, ბრიტანულ-ჰოლანდიური Shell და გერმანული Wintershall და Uniper. გაზსადენის მშენებლობის დასრულება 2019 წლის მიწურულისთვის უნდა მოხდეს.