Facebook-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა, კომპანიის მენეჯერებს, კომპანიის ოფისში ყოფნის დროს Apple-ის ბრენდის ჭკვიანი ტელეფონებით სარგებლობა აუკრძალა და იმ მობილური ტელეფონებით სარგებლობის უფლება მისცა, რომლებიც Android-ის პლატფორმაზე მუშაობს. ამის შესახებ The New York Times წერს.
გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს პასუხს Apple-ის გენერალური დირექტორის ტიმ კუკის კრიტიკაზე პასუხს, რომლის კრიტიკაც Facebook-ის მომხმარებლების მონაცემების ბოროტად გამოყენებას უკავშირდება.
“ჩვენ არ ვაპირებთ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით ვაჭრობას, ჩვენთვის ეს ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების საკითხია”, – განაცხადა ტიმ კუკმა მარტში, MSNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
Apple-ის ხელმძღვანელი აღნიშნული განცხადება Facebook-ისა და ბრიტანული ფირმის Cambridge Analytice სკანდალის ფონზე გაჟღერდა, როდესაც ფირმამ, სოციალური ქსელის 80 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემები დაუკითხავად გამოიყენა.
მაშინ კომპანიას ბრალი დასდეს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან თანამშრომლობაში და 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, სოციალური ქსელის მომხმარებლების პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით მილიონობით მონაცემის გამოყენებაში. მაისის თვეში Cambridge Analytica-მ გაკოტრების შესახებ განაცხადა და დაიხურა. ამის შემდეგ კი, მარკ ცუკერბერგმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და განაცხადა, რომ მისი კომპანია მზად არ იყო მომხმარებლების მონაცემების გადინების საწინააღმდეგო მოქმედებისათვის.
NYT აგრეთვე წერს, რომ აღნიშნული სკანდალის შემდეგ, Facebook-ი, Apple-ის და Google-ის შესახებ ნეგატიური სტატიებს უკვეთავდა, რათა ზიანი მიეყენებინა კომპანიისთვის.