OPEC+ -ის მონიტორინგის კომიტეტმა, ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწია, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი ჯერჯერობით არ გაფორმებულა, ვინაიდან, აღნიშნული კონსენსუსის შემდეგ, ორგანიზაციამ მხოლოდ შესაბამისი რეკომენდაციები გასცა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ვენაში გამართულ შეხვედრაზე, აღნიშნულ კომიტეტს, კარტელის წევრი ქვეყნებისთვის უნდა გაეცა რეკომენდაციები იმის შესახებ, იყო თუ არა საჭირო ნავთობის მოპოვების შემცირება და თუკი ეს საჭირო იყო, რა მოცულობით, რათა დაბალანსებულიყო ბაზარი.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვენაში გამართულ შეხვედრაზე რუსეთმა განაცხადა, რომ თანახმაა შეამციროს ნავთობის მოპოვება ექვსი თვის ვადით, ანუ 2019 წლის იანვრამდე. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა მოცულობით უნდა მოხდეს ნავთობის მოპოვების შემცირება, ჯერჯერობით ცნობილი არაა.
უახლოესი ორი დღის განმავლობაში – 6 და 7 დეკემბერს, OPEC-მა და ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი კავშირში, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, გაგრძელდება თუ არა შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით.
აქამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არგენტინაში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში იგი შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, რომელთანაც OPEC+ -ის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ კონსენსუსს მიაღწიეს. თუმცა, მისი თქმით, შემცირების კონკრეტული მოცულობების შესახებ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული.