Shell-მა დაიწყო მოლაპარაკებები გაზპრომთან ერთობლივ პროექტ “სახალინ-2”-ში წილის გაყიდვის შესახებ, ამის თაობაზე Financial Times და Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერენ.
აქტივით ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაინტერესებული იყოს სხვა ვინმე, გარდა ჩინეთის სახელმწიფო კორპორაციებისა, ამიტომ გარიგება, სავარაუდოდ, ბრიტანული კომპანიისთვის არახელსაყრელი პირობებით დაიდება, აღნიშნავენ ისინი.
კომპანია მოლაპარაკების ადრეულ ეტაპებზეა ჩინურ სახელმწიფო კორპორაციებთან – Cnooc-თან, CNPC-თან და Sinopec-თან 27.5%-იანი წილის გაყიდვის შესახებ, განაცხადეს FT-ის წყაროებმა. Shell-მა “გაზპრომთან” ერთობლივი პროექტებიდან, მათ შორის “სახალინ-2”-დან და “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-დან გასვლის შესახებ, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში განაცხადა. ჯგუფმა რუსეთის დატოვების შედეგად მიღებული სავარაუდო ზარალი 5 მილიარდ დოლარად შეაფასა.
Shell-ი იმედოვნებს, რომ ზარალის ნაწილს წილის გაყიდვით დააკომპენსირებს, მაგრამ ჩინურ სახელმწიფო კომპანიასთან ნებისმიერი გარიგება, სავარაუდოდ, მისგან დიდ ფასდაკლებას მოითხოვს.
ჯეიმს უადელმა, საკონსულტაციო კომპანია Energy Aspects-ის ანალიტიკოსმა, აღნიშნა, რომ “სახალინ-2”-ის წილის შესაძლო გაყიდვა არ არის ბოლო გარიგება ჩინეთისთვის ხელსაყრელი პირობებით. ფაქტია, რომ თანამედროვე რეალობაში რუსული აქტივების ერთადერთი მყიდველი ჩინეთის სახელმწიფო საწარმოებია, განმარტა ექსპერტმა. ბრიტანულმა BP-მა ადრე პირობა დადო, რომ მოიშორებდა “როსნეფტის” 19,75%-იან წილს, ხოლო ამერიკულმა ExxonMobil-მა განაცხადა, რომ ტოვებს “სახალინ-1”-ის პროექტს.
აპრილის დასაწყისში Shell-მა “გაზპრომთან” და “გაზპრომ ნეფტთან” ერთობლივი საწარმოდან თანამშრომლების გაყვანა დაიწყო, იტყობინება Bloomberg. მისი თქმით, ათობით მუშაკი უკვე გადამისამართებულია “სახალინ-2”-ის პროექტიდან სხვა პროექტებზე. ნავთობისა და გაზის კომპანიამ ასევე გადაწყვიტა, შეწყვიტოს ფიუჩერსული კონტრაქტების განახლება რუსეთთან.