Transparency: საქართველოში სარეკლამო ხარჯების 70%-ზე მეტი ტელევიზიაზე მოდის

574

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2016 წლის კვლევას “საქართველოს სარეკლამო ბაზარი” აქვეყნებს. პროექტი ხორციელდება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის (ACCESS) პროექტის ფარგლებში.

ანგარიშის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აღნიშნავს, ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში სარეკლამო ხარჯების 70 %-ზე მეტი ტელევიზიაზე მოდის. 2015 წ. ლიცენზიის მქონე 81-მა ტელემაუწყებელმა წარადგინა ფინანსური ანგარიში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, 63-მა ტელეოპერატორმა დააფიქსირა გარკვეული შემოსავალი, რაც მიგვანიშნებს, რომ აღნიშნული 63 ტელევიზიაც ფუნქციონირებს.

კვლევის მიხედვით, 2014 წელთან შედარებით, ტელევიზიების საერთო დეკლარირებული შემოსავალი აშშ ამერიკულ დოლარში, 2015 წელს 30%-ითაა შემცირებული. თუ 2014 წლეს საერთო დეკლარირებული შემოსავალი 53,3 მილიონ აშშ დოლარი იყო, 2015 წლის იმავე შემოსავალმა 37,4 მილიონი შეადგინა. ანალოგიური ცვლილებაა წლების მიხედვით სარეკლამო შემოსავლებთან მიმართებაშიც, სარეკლამო შემოსავლები 47,3 მლნ აშშ დოლარიდან 32 მლნ აშშ დოლარამდე დაეცა ლართან მიმართებით. ლარში დაანგარიშების შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ვარდნა ნაკლებად მძიმე იყო.

“საქართველოს სარეკლამო ბაზრის” ანგარიშის მიხედვით, ორი არხი, “რუსთავი 2” და “იმედი”, დღემდე იღებს მთელი სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების 80-85 %-ს. ეს ორი მაუწყებელი ინარჩუნებს აუდიტორიის გაერთიანებულ საბაზრო წილს 45 – 50 %-ის ოდენობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებლები ათი წუთიდან თითქმის ხუთს ტელევიზორთან ატარებენ და “რუსთავი 2” ან “იმედს” უყურებენ.

როგორც კვლევაში აღნიშნავენ, 2013 წლის შუა რიცხვებიდან 2014 წ. შუა რიცხვებამდე “მაესტროს” მაყურებლის საშუალო წილი დაახლოებით 15 % იყო, რაც ამ არხზე გამავალი პოპულარული თურქული სერიალებითაც იყო განპირობებული. მისი პოპულარობა შემცირდა, როდესაც სხვა არხებმაც დაიწყეს მსგავსი სერიალების ჩვენება. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლი არხი სისტემატურად კარგავს აუდიტორიის წილს, რომელიც ამჟამად დაახლოებით სამ პროცენტს შეადგენს; მისი ყურების მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს პოპულარული სპორტული ღონისძიებების დროს აღწევს. რამდენიმე გასართობ არხს, მათ შორის GDS, “კომედის” და “მარაოს”, თითოეულს მყარად აქვს რამდენიმე პროცენტი მაყურებლის წილი.

Comments
Loading...