USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა

16

პეის ჯგუფში შემავალმა ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კომპანია “ტრანსფორდმა” USAID-ის პროგრამის – “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ ფარგლებში 43 ადამიანი გადაამზადა და მათგან 32 უკვე “ტრანსფორდში” დასაქმდა, ხოლო 11 სხვადასხვა კომპანიაში. გადამზადების ექვსკვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, 43 მძღოლ-ოპერატორსა და დოკერს სერტიფიკატები საზეიმოდ გადაეცათ. ინოვაციური მოდელის მხარდასაჭერად, მსურველების სასწავლო კურსი“ტრანსფორდმა” დააფინანსა.

“პროგრამა შედგა და ამის ნათელი და კონკრეტული მაგალითია ის 43 ადამიანი, რომელთაგანაც 32 უკვე “ტრანსფორდის” გუნდის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი და USAID-ის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი მომავალშიც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებას და დასაქმებას. არაერთხელ მითქვამს, რომ ადამიანური კაპიტალის დეფიციტია თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, ამიტომ ყველა მხარემ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ამ გამოწვევის დასაძლევად”, – აღნიშნავს “ტრანსფორდის” დირექტორი ვასილ მაზიაშვილი.

მისივე თქმით, “ტრანსფორდი” და USAID-ი განაგრძობენ მუშაობას სხვა დამატებითი კურსების შექმნაზე, რომლებიც მორგებული იქნება ბიზნესისა და ბაზრის საჭიროებებზე.

Comments
Loading...